პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობის შესახებ პირველ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა კოტე ქავთარაძემ განუცხადა.
"ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ჯერჯერობით უცნობია არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გააკეთებს", - განაცხადა ქავთარაძემ.
პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ძირითად კანდიდატებად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერი ბონისლავ კომაროვსკი და ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა, პარტია "კანონი და სამართლიანობის" ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი სახელდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლეხ კაჩინსკის სმოლენსკში ტრაგიკულად დაღუპვის გამო დაინიშნა. სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტის კატასტროფის დროს ქვეყნის პირველი პირი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი, მთავრობის წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.