ყირგიზეთის სამხრეთ რაიონებში არეულობის დროს გაკეთებული საგუშაგოების მოშალა მიმდინარეობს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განუცხადა.
"ამ დროისთვის ოშში და ჯალალ-აბადში ვითარება სტაბილურია. უკვე დაიწყო არეულობის დროს დადგმული საგუშაგოების მონტაჟი, რამდენიმე დღეში სავაჭრო ცენტრიც გაიხსნება. ასევე, ყაზახეთიდან ბრუნდებიან დევნილებიც. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ცხოვრების აღდგენა მიმდინარეობს", - განაცხადა პაატა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ოშში და ჯალალ-აბადში კომენდანტის საათი 25 ივნისამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ზარალს, საქართველოს ელჩის ინფორმაციით, რამდენიმე დღიანი არეულობის შედეგად ქალაქების ინფრასტრუქტურის ნახევარზე მეტია განადგურებული.
შეგახსენებთ, რომ ოშში და ჯალალ-აბადში მომხდარი არეულობის შედეგად ოფიციალური მონაცემებით 200-მდე ადამიანია დაღუპული და რამდენიმე ათასი ადამიანი დაშავებული.