1-ელ აპრილს 19:30 საათზე ქალაქ შტუტგარტში „Altes Feuerwehrhaus Stuttgart Süd“-ის სახელოვნებო სივრცეში გაიმართება ბადენ-ვიუტენბერგის მიწაზე პირველი ქართული კულტურული ცენტრის პრეზენტაცია. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწე ქართველი მუსიკოსები მიიღებენ (გოჩა აბულაძე, ზაზა მიმინოშვილი ჯგუფით - „ZIRYAB“, ბესო ნამჩავაძე, ანა ნანუაშვილი, ჯგუფი „აბადელია“ და „დაფიონი“) ისინი ადგილობრივ პუბლიკას განუმეორებელ მუსიკალურ მოგზაურობას შესთავაზებს, როგორც ქართული ფოლკლორის, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული კლასიკური მუსიკისა და ავანგარდული ჯაზის სამყაროში.
გაცნობებთ, რომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დაფუძნდა ქართული კულტურის ცენტრი (Georgischer Kultur-Verein e.V.), რომელიც თავის საქმიანობას, ძირითადად, ბადენ-ვიუტენბერგის მიწაზე განახორციელებს.
ცენტრი მიზნად ისახავს, პოპულარიზება გაუწიოს ქართულ კულტურას, მის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს გერმანიაში, წვლილი შეიტანოს მულტიკულტურული, ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობასა და საქართველოს ევროპის კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის საქმეში.