იაპონია უკრაინისთვის იარაღის, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების, გადაცემის ან მიყიდვის საკითხის განხილვას გეგმავს.
ამის შესახებ იაპონიის პარლამენტის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა და ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იცუნორი ონოდერამ კიევში ვიზიტისას განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
„იაპონიაში არსებობს გარკვეული სამართლებრივი და ასევე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე დაწესებული შეზღუდვები. თუმცა, პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩის ხელმძღვანელობით, ვაპირებთ, დავიწყოთ მთავრობაში შიდა განხილვები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და ამ ვიზიტს კატალიზატორად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ონოდერამ.
მისი თქმით, კიევში ვიზიტი იაპონიასა და უკრაინას შორის დაწყებული დიალოგის გაგრძელებაა. 1-ელ ოქტომბერს ონოდერა და იაპონიის პარლამენტის კიდევ ორი დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
უკრაინულმა მხარემ იაპონელ დეპუტატებს ასევე გააცნო რუსეთის მიერ მაღალი სიჩქარის, რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონების გამოყენებისა და ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლის გამოწვევები.
ამასთან, იაპონიაში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებული სამართლებრივი და პოლიტიკური შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. შესაბამისად, ონოდერას განცხადება არ ნიშნავს, რომ Patriot-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. იაპონიის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
იაპონია ლიცენზიით აწარმოებს Patriot-ის რაკეტებს. მათი წარმოებაში Mitsubishi Heavy Industries მონაწილეობს.