ბათუმში ფერადი, მხიარული და ალტერნატიული წინდების პირველი ქართული ბრენდის „ალტერსოქსის“ მაღაზია გაიხსნა. კომპანია ჯერ მხოლოდ 1 წლისაა და ბაზარზე 7 ფილიალითაა წარმოდგენილია, საიდანაც 5 ფილიალი თბილისში მდებარეობს, ხოლო 1 ფილიალი ქუთაისში და 1 ფილიალიც უკვე ბათუმში.
როგორც „ალტერსოქსის“ მენეჯმენტი აცხადებს, ბათუმში ფილიალის გახსნა ზაფხულის სეზონისთვის იგეგემებოდა, თუმცა მზარდი მოთხოვნის ფონზე მისი გახსნა დაჩქარდა.
„კომპანიამ მხოლოდ ერთი ფილიალითა და 20-მდე მოდელით დაიწყო მუშაობა, დღეს კი 40-ზე მეტ მოდელს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორისაა წინდები ქართული თემატიკით: ხინკლებიანი, აჭარული ხაჭაპურებით, ჩოხა წინდა, ასევე ცნობილი მხატვრების ტილოებისა და სხვადასხვა ტრენდულ თემატიკით“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნინა მენთეშაშვილმა.
უახლოეს მომავალში „ალტერსოქსი“ ახალ, საგაზაფხულო კოლექციას წარუდგენს მომხმარებელს, სადაც საბავშვო და დაბალყელიანი წინდების ხაზიც იქნება წარმოდგენილი.
„ზუსტად 1 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ ნინამ დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი - ჩვენი დანაზოგი, ენერგია და გამოცდილება ჩავდეთ ამ საქმეში. 1 წლის განმავლობაში შევძელით „ალტერსოქსის“ განვითარება, ცნობადობის გაზრდა, წინდების 4 კოლექციის გამოშვება და 7 ფილიალის გახსნა“ - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა.
ბათუმში „ალტერსოქსის“ წინდების შეძენა შესაძლებელია დემეტრე თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) ქუჩა #25-ში.