საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა რუმინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ-დელეგატმა ანა ბირჩალმა.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც საქართველოსთვის ისე ევროკავშირისათვის. ეს გახლავთ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში და წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. აღნიშნული გადაწყვეტილება არის აგრეთვე საქართველოს აღიარება, როგორც საუკეთესო მაგალითი, რეფორმების წარმატებულად გამტარებელი ქვეყნისა.
„მსურს მივულოცო საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს, რომელმაც მიუხედავად მნიშვნელოვანი სირთულეებისა მაინც მიაღწია სასურველ მიზანს. რუმინეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, კვლავაც დარჩება საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად და მეგობრად და გააგრძელებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მჭიდრო მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მოსახლეობას უვიზო რეჟიმის ამოქმედება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მიულოცა ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია: „რუმინეთი მიესალმება დღეიდან საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას“.