სანკტ-პეტერბურგში მე-14 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. მასში, რუსული მედიის ინფორმაციით, 10 ათასამდე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურები, მსოფლიო ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლები, სხვა და სხვა ქვეყნის მინისტრები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებს განიხილავენ და მისგან გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ. სანკტ-პეტერბურგის მე-14 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 19 ივნისს დასრულდება.
ფორუმი ტრადიციულად, სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე "ლენექსპოს" საგამოფენო მოედანზე მიმდინარეობს. 7 პავილიონში 15 დარბაზი მუშაობს, რომლებიც 4 685 ადამიანზეა გათვლილი. ფორუმის მონაწილეთათვის უკვე დაჯავშნილია სასტუმროს 1000 ზე მეტი ნომერი. ფორუმზე აკრედიტაცია გაიარა 47 უცხოელმა და 196 რუსმა ჟურნალისტმა. სულ მსოფლიო მასშტაბით ფორუმში მონაწილეობაზე მედიის 600 -ზე მეტმა წარმომადგენელმა გააკეთა.
ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართება, დღესვე შედგება პირველი მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების ხელმოწერები დაიწყება.
ფორუმის მთავარი მოვლენა პლენარულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სიტყვით გამოსვლა იქნება. მედვედევის სიტყვას "ჩვენ შევიცვალეთ" ეწოდება და მასში მსოფლიო ეკონომიკის მოდერნიზაციაზე იქნება საუბარი.
ფორუმი "ტიპიური სანკტ-პეტერბურგული ამინდის თანხლებით" ჩაივლის. მეტეოროლოგთა პროგნოზით ჰაერის ტემპერატურა დღისით 12-18 გრადუსი იქნება.
სანკტ-პეტერბურგში მე-14 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კულტურული პროგრამაც დღეს იხსნება და იგი მრავალფეროვანია _ როკ-კონცერტიდან დაწყებული მარიინის თეატრში სპექტაკლით დამთავრებული.
აღსანიშნავია, რომ მიხაილოვის თეატრში ამ საღამოს საპრემიერო საბალეტო წარმოდგენა "ლაურენსია" გაიმართება. რუსული მედია იუწყება, რომ ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიაშია აღდგენილი და ცნობილი მოცეკვავისა და ბალეტმეისტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.