ძლიერი წვიმის შედეგად თიანეთის რაიონის სოფელ შარახევში ჩამოწოლილი მეწყერი დღემდე აქტიურ ფაზაშია.
რამდენიმე ოჯახი გაყვანილია დროებით საცხოვრებლებში. დანგრეულია დამხმარე ნაგებობები. მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ერთი საცხოვრებელი სახლი.
შარახევში ეს მეწყრის ჩამოწოლის მეორე შემთხვევაა. პირველად სტიქია 25 მაისს გააქტიურდა. თუმცა, მაშინ მხოლოდ გზა ჩაკეტა და მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია.
აღნიშნული გზა შარახევიდან თიანეთის კიდევ 2 სოფელს _ ლახატოსა და ბუჭყინტას უკავშირდება. ეს ორი სოფელი ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად დაიცალა.
თვითონ შარახევი 2 ნაწილადაა გაყოფილი. ზემო შარახევი დუშეთის რაიონს ეკუთვნის, ქვემო კი _ თიანეთს. ეს ორი უბანი ერთმანეთს ხიდით უკავშირდება. მეწყერი სწორედ ხიდის სიახლოვეს, თიანეთის ტერიტორიაზეა განვითარებული. შესაბამისად, უშუალოდ მეწყრის ზონაში მცხოვრები ოჯახების გარდა პრობლემა მთელ სოფელს ექმნება.
თიანეთის მუნიციაპლიტეტის გამგებლის მოადგილის, თამაზ იარაჯულის განცხადებით, გააქტიურებული მეწყრული პროცესი აქტიური ღონისძიებების გატარების საშუალებას არ იძლევა. `გამწმენდი სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როცა დაძრული მიწა მთლიანად ჩამოვა~ _ ამბობს თამაზ იარაჯული. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დაანგარიშება. ითვლიან იმ ხარჯებს, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას დასჭირდება. ფინანსურ დახმარებას თიანეთის რაიონს სამხარეო ადმინისტრაცია პირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, შარახევიდან რამდენიმე ოჯახი გასასახლებელი იქნება. `ტერიტორია ისე დაიშლამა და იმხელა მასა წამოვიდა, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელდება. სოფლის თავზე გაჩენილია ახალი მეწყრული კერები, რაც ჭარბი ტენიანობის გარდა ტექტონიკურ პროცესებსაც უკავშირდება. აღნიშნული ტერიტორია ტექტონიკური აშლილობის ზონაშია მოქცეული~ _ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი, გეოლოგი ზეინალ მაისურაძე.