ყირგიზეთმა უკან გაიწვია საკუთარი თხოვნა ქვეყანაში რუსი მშვიდობისმყოფელების შეყვანის თაობაზე ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი მასობრივი არეულობების აღმოსაფხვრელად. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
მისი თქმით, ყირგიზეთის ხელისუფლებამ თავად უნდა მოაგვაროს საკუთარი ქვეყნის პრობლემა. მან "მანასის" სამხედრო ბაზაზეც ილაპარაკა და განცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზა ყირგიზეთში მუდმივად არ უნდა დარჩეს და კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის შემდეგ მუშაობა უნდა დაასრულოს.
ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოშში იმყოფება დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი როტა ოტუნბაევა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სამხრეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად 191 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია.