ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოშლილია გზაგამყოფ ზოლში არსებული დეკორატიული ღობეები, დაზიანდა ქვაფენილი, შუქნიშანი და საგზაო ნიშნები.
"ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები. ქალაქის დასუფთავება დილის 5 საათიდან დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. თითქმის აღდგენილია ქვაფენილი, დღის ბოლომდე მოხდება დაზიანებული საგზაო ნიშნების აღდგენაც. რაც შეეხება დაზიანებულ შუქნიშანს, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება. დაკარგულია დეკორატიული გზაგამყოფი ღობეების ნაწილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხსნილი ღობის ხელახალი მონტაჟი. წუხელ ასევე დაზიანდა ხე-მცენარეები, რის გამოც აუცილებელი გახდა ხის მოჭრისა და გასხვლის სამუშაოების ჩატარება. აღდგენითი ღონისძიებები დღის ბოლომდე დასრულდება", აცხადებენ ბათუმის მერიაში.