The Atlantic-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც სანქციების შემსუბუქებისა და მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის სანაცვლოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ითვალისწინებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ იდეს მხარი დაუჭირა.
The Atlantic აღნიშნავს, რომ კოულმა მსგავსი მიდგომა ბელარუსის შემთხვევაში უკვე გამოიყენა. ასობით პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების შემდეგ აშშ-მა სანქციები შეამსუბუქა და ბელარუსის კალიუმის შესყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.
ახლა კოული ამ მოდელის რუსეთის მიმართ გამოყენებას გეგმავს.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები რუსეთთან მასშტაბურ ბიზნესგარიგებებსაც განიხილავენ, როგორც მშვიდობის მიღწევის სტრატეგიის ნაწილს.
ამავდროულად, აშშ ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეზღუდულ შეთანხმებას მიაღწიოს, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისა და შავ ზღვაში ნაოსნობის მიმართულებით. თუმცა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს კვლავ განაგრძობს, უკრაინელი ოფიციალური პირები კი უახლოეს მომავალში სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას არ ელიან.
კოულის გეგმის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამ და ვაჭრობის ეტაპობრივმა აღდგენამ შესაძლოა აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის ახალი არხები შექმნას და კრემლს ომის შეწყვეტისკენ უბიძგოს. ამ სტრატეგიის კრიტიკოსები შიშობენ, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქებამ, პირიქით, შესაძლოა ავტორიტარულ რეჟიმებს ახალი ადამიანების მძევლებად აყვანისკენ უბიძგოს.