კახეთში სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ზარალის ოდენობამ ერთ მილიონ ლარს უკვე გადააჭარბა.
სტიქიით დაზარალებულ რაიონებს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე დაათვალიერებს. მინისტრის მოადგილე დაზარალებულ მოსახლეობას 11:30 საათზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში შეხვდება.
როგორც ცნობილია, სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია. მდინარე ალაზანი ნაპირებიდან გადმოვიდა და ათასობით ჰექტარი ტერიტორია დატბორა. პარალიზებულია მოძრაობა ლაგოდეხი-წნორის და ლაგოდეხი-გურჯაანის საავტომობილო გზებზე.
მდინარე კაბალმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში ასამდე საცხოვრებელი სახლი დატბორა და 2 სახლი დაანგრია. დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი. მოსახლეობა სურსათ-სანოვაგის გარეშეა დარჩენილი. მთლიანად განადგურდა საშემოდგომო კულტურები, კომბოსტო, სიმინდი და ა.შ. ადიდებულმა მდინარე ბურსამ ყვარლის რაიონში სპირტის სახდელი ქარხანა დაანგრია, ავტოგაზგასამართი სადგური კი მთლიანად დატბორა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე დურუჯიც და სახნავ-სათესი მიწები დააზიანა.
ყვარლის რაიონის სხვადასხვა სოფლებში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ამ დრომდე ადიდებულია ახმეტის რაიონში მდინარე ილტო. მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა ელექტროენერგიის გადამცემი ანძები დაგლიჯა. მესამე დღეა, ილტოს ხეობის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდება ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებში 12 სოფელს.