პრემიერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ახალი სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას აღარ წარუდგენს. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები შევიდა. მმართველმა გუნდმა გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერი კომისიის წარდგინებით დანიშნავს. ამასთან, კომისიას ვინ წარუდგენს კანდიდატებს, ეს საკითხი ღიად რჩება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღებენ. გარდა ამისა, სუსი-ს უფროსი აღარ დანიშნავს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს და არც დებულებას დაამტკიცებს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.