თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 150 ნომერში, მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ამერიკული ცენტრი გაიხსნა. ცენტრს „ჩემპიონათა აკადემია“ ჰქვია. „ჩემპიონთა აკადემია“ პროფესიონალ სპორტსემებზეა გათვლილი, თუმცა ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ცენტრის გახსნისათვის ხუთ მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო. „ჩემპიონთა აკადემიის“ მთავარიმწვრთნელებიბრიტანელი და ქართველი არიან, რომლებსაც ამერიკაში სპეციალური სწავლება გაიარეს.
„ჩემპიონთა აკადემია“ ოთხ სართულზეა განლაგებული და ფიზიკური მომზადებით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს სთავაზობს. ცენტრში შესაძლებელია, როგორც პროფესიონალური სპორტული აქტივობა, ასევე მოქმედებს სპეციალური სავარჯიშო პროგრამები ბავშვებისა და ქალებისათვის. ყველა მეთოდოლოგია სპორტული მედიცინის უახლესი კვლევების საფუძველზეა შექმნილი. ცენტრში მოქმედებას დაიწყებს პოსტრავმული და ნეირორეაბილიტაციის პროგრამები. ტრამვის შემდგომ თითოეული ადამიანის მონაცემი ამერიკაში გაიგზავნება. მაიკლ ბარვისი თითოეული ადამიანისათვის სპეციალურ ინდივიდუალურპროგრამას შეიმუშავებს.
„ჩემპიონთა აკადემია“ მაიკლ ბარვისის მეთოდზე დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველო ამ პროექტის ჰაბი გახდება და ბარვისის მეთოდოლიგიის დანერგვაში მეზობელ ქვეყნებს თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და შუა აზიის ქვეყნებს დაეხმარება. ყველა აპარატურა ამერიკიდანაა ჩამოტანილი და უახლესი ციფრული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
„ჩემპიონთა აკადემიის გუნდის მიდგომა პროექტების მიმართ თავიდანვე იყო განსაკუთრებული. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა წარმატებული ბიზნესი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის წარმატებული არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ კონკრეტული დარგის განვითარებაში გვინდოდა გვეთამაშა უდიდესი როლი. ჩვენ დღეს ვამაყობთ ამ დასრულებული პროექტით და გვჯერა, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებას შევცვლით, ბევრ სპორტსმენს წავიყვანთ წარმატებისკენ, ვიქონიებთ გავლენას ახალგაზრდა თაობებზე და აუცილებლად დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ რეაბილიტაციის დარგში.
მაიკლ ბარვისთან პარტნიორობით ქართველ სპორტსმენებს შევუქმნით საუკეთესო გარემოს განვითარებისათვის, რადგან რაც ხდება დღეს შეერთებული შტატების სპორტული ფიზიკური მომზადების დარგში, იგივე ხდება ქალაქ თბილისში, ჩემპიონთა აკადემიაში. მოხარული ვართ, რომ ქართულ კლუბებსა და ფედერაციებს შეეძლებათ ჩვენთან ერთად უმაღლეს დონეზე მოამზადონ თავიანთი სპორტსმენები, გააუმჯობესონ მათი კარიერული შესაძლებლობები და მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას საქართველოს სახელით,“ - განაცხადა ჩემპიონთა აკადემიის დამფუძნებელმა გიორგი ოქრიაშვილმა.
მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგია სატელევიზიო არხ „დისკავერიზე“ გასული „ბარვისის შოუს“ შემდეგ გახდა პოპულარული და დღეს ამერიკაში ამ მიმართულებით ყველაზე ტრენდულია.