24 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო კომპონენტი მონიტორინგის, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის ხაზის გასწვრივ ოპერირებს და მოქმედებს. ასევე მათი წვლილი ძალიან დიდია საერთაშორისო მექანიზმში, როგორიცაა ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და მოგეხსენებათ, გალში აღდგა ამგვარი შეხვედრები და, ბუნებრივია, ისინი უზრუნველყოფენ გადაადგილებას. თვითონ ბატონი იაკოვსკიც ძალიან ახლო მეგობარია ჩვენი ქვეყნის და მისი წარმომადგენლები, რომელთაგან ყველაზე მეტი ადამიანი იმყოფება საქართველოში, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ვისაუბრეთ პოლიტიკურ თემებზეც, შევეხეთ მათ შორის ნატო-ს დაგეგმილ სამიტს, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, იმ წარმატებებს, რაც შესაძლებელია ჩვენ ამ ურთიერთობიდან გამოვიტანოთ. საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი აპარატი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა გვინდა, რა გვჭირდება და რა შესაძლო მიზნებს შეიძლება მოემსახუროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტი. დეტალურად მიმოვიხილეთ ის დარღვევები, ის პროვოკაციული ქმედებები და არა მხოლოდ ქმედებები, განცხადებები და რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები, რომელიც თუნდაც ეხება რეფერენდუმის მოწყობას და ა.შ”-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ის, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ადგილზე თავად მონიტორინგის სისტემა: „აფხაზეთის ოკუპირებული ხაზის გასწვრივ იქნება, თუ იგივე ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მომავალში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახალი ინიციატივები, რომელიც შემუშავების პროცესშია ქალბატონ ქეთი ციხელაშვილის და მისი უწყების მიერ-უფრო მეტი კონტაქტი ხალხებს შორის, უფრო მეტი ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, თუ ჰუმანიტარული ურთიერთობების გახსნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ხელს შეუწყობს რეინტეგრაციის პროცესს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ისევე, როგორც წაადგება ქვეყნის მომავალ გამთლიანებას, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. უმთავრესი მიზანი, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჰქვია, ეს არის ყველასთვის, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის უმთავრესი მიზანი და დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ პროგრესი გვექნება მომავალში“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა რაოდენობა საკმარისია, უბრალოდ შესაძლებელია ტექნიკური საშუალებების მეტად განვითარება და შესაბამისად, მათი ეფექტიანობის გაზრდა: „ჯერჯერობით ის რაოდენობა, რომელიც არის, 200-ზე მეტი ადამიანი, ვფიქრობთ, საკმარისია. ვნახოთ, მომავალში შესაძლებელია ტექნიკური საშუალებების უფრო მეტად განვითარება, მეტი სიახლის შეტანა. ამაზე ფიქრობენ როგორც მისიის წარმომადგენლები, ისე-ჩვენც. ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე ხურჩაში მომხდარი მოვლენების შემდგომ, რომ 24 საათიანი მონიტორინგი, დაფიქსირება ამ ყველაფერის ხდებოდეს. გაუმჯობესების იმედი ნამდვილად მაქვს. უფრო ახალი ელემენტების უფრო მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებაზეა საუბარი. ბუნებრივია, 24 საათიანი რეჟიმი ისედაც წარმოებს.საკმაოდ დიდი რაოდენობაა დამკვირვებლების განლაგებული, მაგრამ ეფექტურიბის გაზრდა, დამეთანხმებით, ყოველთვის მნიშვნელოვანია“,-განუცხადა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს.