ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი და პარტიის წარმომადგენელი გიორგი ონიანი სახალხო დამცველს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ენმ-ის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებულ ალტერნატიულ პროექტზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდგომ სახალხო დამცველმა აღნიშნა, ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ალტერნატიულ პროექტს ეთანხმება.
შეგახსემენთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტი, ორგასაღებიან სისტემას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველს, ოპოზიციის ერთ დეპუტატს და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ წევრს, ფარულ მიყურადება-მოსმენებზე მონიტორინგის შეუზღუდავად განხორციელების საშუალება უნდა ქონდეთ.
„ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ გათვალისწინებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ასევე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დაცულობის ინტერესები. ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს სამმაგ დაცვას, სახალხო დამცველს, უმრავლესობის წარმომადგენელს და ოპოზიციის წარმომადგენელს ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს დაშვება მოსმენების, როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ მხარესთან,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილი.