პატრიარქის მდივანი თანამდებობიდან გადადგა, მიზეზებზე მიქაელ ბოტკოველს არ უსაუბრია. აღნიშნული ინფორმაცია, მამა მიქაელმა TV პირველთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მან დღეს მიიღო.
,,ვადასტურებ, რომ აღარ ვარ პატრიარქის მდივანი. დღეს მივიღე ეს გადაწყვეტილება. მიზეზებზე არ ვისაუბრებ. ამიერიდან სხვისგან მიიღებთ კომენტარებს.
სოსო ოხანაშვილი არც საპატრიარქოში მინახავს და არც პატრიარქის გვერდით. ის თავხედია, როდესაც საუბრობს ჩემზე, რომ საპატრიარქოში იმყოფებოდა. მე არ მითქვამს, რომ გაათავისუფლეს, ან გაუშვეს სამსახურიდან. მე ვთქვი გასაგებად, რომ არ მინახავს საპატრიარქოში და მართლა არ მინახავს. მე უკვე დავტოვე საპატრიარქო და ჩემი განცხადების შემდეგ მიბრძანდა და გააკეთა ეს განცხადება ",- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა
პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ის არ იმყოფება საპატრიარქოში.
„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.