27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიევს ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის ახალ ელჩმა იგორ დოლგოვმა ქართული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად კარგი ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებას.
„გეტყვით რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ძალიან მალე შედგება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლე კლიმკინი მარტის მეორე ნახევარში თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიევს ეწვევა ვიზიტით, სადაც სუამ-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართება. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საქართველო მოხარული იქნება ვიზიტით მიიღოს უკრაინის პრეზიდენტი. ჩვენ შევიმუშავებთ აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღს. ასევე, როგორც იცით, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინის პარლამენტის სპიკერი იქნება“, - დასძინა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.
გიორგი მარგველაშვილს დღეს საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.