პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრისას ისაუბრეს ადგილობრივ წარმოებაზე, ქართველი მეწარმეების საქმიანობაში წარმოშობილ სირთულეებსა და პრობლემების დაძლევის მიმართულებებზე.
როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საპრეზიდენტო კამპანია “მოითხოვე ქართულის“ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაა.
კამპანიის ფარგლებში შედგა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საწარმოებში.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელის ირაკლი სულაბერიძის განცხადებით, პალატამ საქართველოს რეგიონების მიხედვით პრიორიტეტული სექტორები გამოყო და ორგანიზაციის ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ თითოეულ რეგიონში გამოკვეთოს და გამოავლინოს სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რომლებიც მეწარმეებს ეფექტურ მუშაობაში უშლის ხელს.
მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ევროპის ბაზარზე დაშვებულია ქართული თაფლი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გამსვლელი ერთადერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია.
„ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია ის პრობლემები, რომლებიც მეწაარმეებს აფერხებს. მათ შორის, ყველაზე აქტუალურია კონკრეტულ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა“, - განაცხადა ირაკლი სულაბერიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეხვედრის დროს აღნიშნა რომ, საქართველომ წინსვლიკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მაშინ, როდესაც ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან. შეთანხმება გამორიცხავს სატარიფო ბარიერებს ვაჭრობაში და არეგულირებს ფართო სპექტრში ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.