აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ 2 ეკომიგრანტ ოჯახს ქედის სოციალურ სახლში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ესწრებოდნენ. ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. ოჯახები პირველი კატეგორიის ეკომიგრანტებს მიეკუთვნებიან.
აღნიშნულ ოჯახებზე საცხოვრებელის გადაცემით ქედის მუნიციპალიტეტში პირველი კატეგორიის ოჯახების დაკმაყოფილება დასრულდა. ზურაბ პატარაძემ ქედის სოფელ კუჭულაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს სარეცხი მანქანა გადასცა საჩუქრად. გორგაძეების 11 წევრიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი შემოდგომაზე დაეწვა.
ხანძრით დაზარალებულებმა დეკემბრის თვეში მთავრობისაგან 10 000 ლარის დახმარება მიიღეს. ‣ბოლო 4 წლის განმავლობაში ქედაში 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ‣ქედაში პირველ ეტაპზე 52 ეკომიგრანტს ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მეორე ეტაპზე 12 ოჯახი დაკმაყოფილდა.
‣სტიქიით დაზარალებულ ლევან სალაძეს კოლოტაურში აუშენდა სახლი.
‣31 ოჯახი ,,ბინის მაძიებელთა“ სახალმწიფო პროგრამაში უკვე ჩართულია.
‣ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება კიდევ 9 ოჯახზე.
‣ასევე მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, რომელმაც შედეგი უკვე გამოიღო.
‣სამომავლოდ, თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს სოციალური სახლის მშენებლობის პროექტზეც.