ყირგიზეთის ქალაქ ჯალალ-აბადში არეულობების დროს 700 ადგილობრივი უზბეკი გარდაიცვალა. განცხადებას ამის შესახებ ქალაქის უზბეკური სათვისტომო ავრცელებს. "ეს ადამიანები მოკლული იქნენ არეულობების დროს და ასევე საკუთარ სახლებში იყვნენ დამწვარი", _ განუცხადა რუსულ მედიას სათვისტომოს ხელმძღვანელმა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკაში მომხდარი კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილია 124 ადამიანი.
ადგილობრივი უზბეკური სათვისტომოს ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილთა რეგისტრაციას თავად სათვისტომო ახორციელებდა. "მხოლოდ გუშინ და დღეს 12 ადამიანი დავკრძალეთ. ხოლო მრავალი გარდაცვლილის ცხედარი ამჟამად ჯალალაბადის მეჩეთებშია. მათ წამოსვენებას ვერ ვახერხებთ, უსაფრთხოების ზომების არარსებობიდან გამომდინარე", _ აცხადებს სათვისტომოს ხელმძღვანელი.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები დაიწყო ყირგიზ და უზბეკ უხუცესთა შორის. ამ მოლაპარაკებების შედეგად კი ყირგიზმა და უზბეკმა ამბოხებულებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. არის ინფორმაცია, რომ ოშში მდგომარეობა ნორმალიზებულია, ჯალალაბადში კი მხოლოდ სახლების გადაწვის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.