პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტიის "სამოქალაქო პლატფომის" ლიდერი დონალდ ტუსკი მოუწოდებს ამომრჩევლებს 20 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას, პარტია "სამართალი და სამართლიანობის" ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის ხმა არ მისცენ.
მისივე თქმით, ახლა ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული ის, თუ "როგორი იქნება პოლონეთის სახე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში".
"ეს სერიოზული ბრძოლა იქნება, იმიტომ, რომ ორი ყველაზე რეალური კანდიდატის შანსები თანაბარია", _ აცხადებს ტუსკი.
ამასთან ერთად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ამომრჩევლებს 20 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და იქვე აფრთხილებს, რომ ამ არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვება ქვეყნისათვის "ძალიან სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს".
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ იგი "ამ არჩევნებზე მთელი ძალით დაეხმარება ამჟამად პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბორისლავ კომოროვსკის".
"მე 53 წლის ვარ და პოლონეთში ჩატარებულ მრავალ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა არც ერთი არჩევნები პოლონეთისათვის ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორიც ეს არჩევნებია. ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალში სამუშაოს არსი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემს ძალაშია იმისათვის რათა ეს არჩევნები ბორისლავ კომოროვსკიმ მოიგოს", _ განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, "კაჩინსკიში კონფლიქტებისა და ომებისადმი მზადყოფნა დღეს იმაზე ნაკლები როდია ვიდრე ადრე იყო".
"ამიტომაც ვაფრთხილებ ამომრჩეველს და მოვუწოდებ მათ, ჯერ კიდევ არის დაფიქრების დრო", _ აცხადებს დონალდ ტუსკი.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ივნისსაა დაგეგმილი. მათში პრეზიდენტობის 10 კანდიდატი მონაწილეობს. საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტები კი ბორისლავ კომოროვსკი და იაროსლავ კაჩინსკი არიან, რომლებიც ექსპერტთა შეფასებით არჩევნების მეორე ტურში გავლენ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად 4 ივლისს გაიმართება.