ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 270 642 946 კგ ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი.
კერძოდ, 128 740 484 კგ ბენზინი და 141 902 462 კგ დიზელის საწვავი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) იმპორტმა შეადგინა 302 466 406 კგ. კერძოდ, ბენზინი - 172 909 329 კგ და დიზელის საწვავი - 129 557 077 კგ.
"შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 31 823 460 კგ-ით. ძირითადად შემცირებულია ბენზინის იმპორტი, კერძოდ, 44 168 845 კგ-ით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი გაზრდილია 12 345 385 კგ-ით", _ განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იმპორტირებულ ბენზინში ყველაზე დიდი წილი უკავია რეგულარი A-92 ტიპის საწვავს - მ/წლის ხუთი თვის განმავლობაში 107 318 742 კგ ანუ 83,5 პროცენტი, პრემიუმის ტიპის A -95 ტიპის საწვავს - 18 387 206 კგ ანუ 14 პროცენტი და სუპერი ტიპის A -98 ტიპის საწვავს - 3 034 536 კგ ანუ 2,5 პროცენტი.
"ბოლო პერიოდში ბევრი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც იყო ბენზინის მომხმარებელი, გადავიდა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, რადგან ის გაცილებით იაფია. კერძოდ, კერძოდ თუ რეგულარი ტიპის ბენზინის ფასი არის 1.70-1.80 ლარი/ლიტრაზე, ექვივალენტური ბუნებრივი აირით გამართვა ჯდება 1,10-1,20 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმნიშვნელოდ, თუმცა გაზრდილია რეგულარის ტიპის ბენზინის მოხმარების წილი საწვავის კატეგორიების მიხედვით გასული წლის 5 თვის მაჩვენებელთან შედარებით.", _ განაცხადა მთვრალაშვილმა.