8 თებერვალს, 12:00 საათზე, „ტექნოპარკში“ ინოვაციების სააგენტოს პროგრამა - „ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის - www.construct.ge - ს პრეზენტაცია გაიმართება.
www.construct.ge „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“, შპს „ვისეილისა“ და შპს „მოდულატორის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნა სამშენებლო სექტორისთვის.
ვებ-გვერდი დახმარებას გაუწევს: მწარმოებელ, სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო კომპანიებს ნებისმიერი საკითხის გასამარტივებლად, კერძოდ: პლატფორმის საშუალებით კომპანიები მოახდენენ:
- სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას;
- შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას;
- ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.
კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოვებას, ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას და, რაც მთავარია, გაამარტივებს სამუშაო პროცესს არაერთი კომპანიისა თუ იურიდიული პირისათვის.