რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ყირგიზეთის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტთან როზა ოტუნბაევასთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტს რაც შეიძლება მალე უნდა მოეღოს ბოლო. მედვედევმა შეშფოთება გამოთქვა იმის, გამო, რომ პარასკევიდან ყირგიზეთში არ წყდება სისხლიანი დაპირისპირება ყირგიზებსა და უზბეკებს შორის, რომელმაც უკვე 117 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მედვედევმა აცნობა ოტუნბაევას, რომ დღეს 14 ივნისს მისი ბრძანებით კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) წევრი სახელმწიფოების მდივნების კონსულტაციები გაიმართება.
მედვედევის პრესმდივანის ნატალია ტიმაკოვას განცხადებით, სხდომაზე განიხილავენ ყირგიზეთში სამოქალაქო მშვიდობის აღდგენის საკითხს.
"ძირითადი საკითხები რომლებსაც ამ სხდომაზე განიხილავენ _ ყირგიზეთში სამოქალაქო მშვიდობის აღდგენა და ამისათვის ოდკბ-ს წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღება იქნება", _ განაცხადა ტიმაკოვამ.
შეგახსნებთ, რომ ყირგიზეთში დაპირისპირება გასულ კვირას დაიწყო. ოტუნბაევამ რუსეთის მთავრობას შესაბამისი წერილი გაუგზავნა და რესპუბლიკაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანა ითხოვა.
შაბათს დიმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ რუსეთი თავისი სამხედროების გამოყენებას ყირგიზეთში წესრიგის დასამყარებლად ჯერ ჯერობით არ აპირებს. "ეს შიდა კონფლიქტია და რუსეთი ჯერ ჯერობით ვერ ხედავს საჭიროებას ჩაერთოს მის დარეგულირებაში", _ განაცხადა მედვედევმა.