აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, და ოშსა და სხვა ქალაქებში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობის აღდგენისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისაკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ფილიპ ქროულის შესბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ქროულის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფო დეპარტამენტი უერთდება გაეროს და მოუწოდებს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულ მხარეებს დაუყოვნებლივ აღადგინონ მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი დაამყარონ.
ასევე, შეერთებული შტატები ყირგიზეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს მჭიდრო კონტაქტი იქონიონ ქვეყანაში არსებულ შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ყირგიზეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ, რაც მათივე უსაფრთოებას განაპირობებს.
შეგახსენებთ, რომ, ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიწყო. არეულობების მონაწილეები წვავდნენ ავტომობილებს, ანგრევდნენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს.
დროებითმა მთავრობამ ოშშსა და ჯალალ-აბადში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით შეტაკებების შედეგად 82 ადამიანია დაღუპული.