ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ რუსეთის ფედერაციას სამშვიდობო დახმარებისათვის მიმართა და ყირგიზეთში ჯარის შეყვანა ითხოვა. ეს განცხადება დღეს გარდამავალი პერიოდის ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ გააკეთა.
"გუშინდელის შემდეგ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, ჩვენ სხვა სამხედრო ძალის შემოყვანა გვჭირდება იმისათვის რათა სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში მოვაქციოთ. ამასთან დაკავშირებით დახმარებისათვის რუსეთს მივმართეთ", _ განაცხადა როზა ოტუნბაევამ.
მისივე თქმით, მან რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შესაბამისი თხოვნის წერილი უკვე გაუგზავნა.
"ველით რუსეთისგან პასუხს, მზად ვართ აქტიური დიალოგისათვის რათა უცხო ქვეყნის ძალები შემოვიყვანოთ (ყირგიზეთში), ამას კი ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების გამო ვაკეთებთ", _ განაცხადა ოტუნბაევამ.
მისივე განცხადებით, ქვეყნის სამხრეთში სიტუაცია კვლავინდებურად ძალიან მძიმე რჩება. "მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანთა სიცოცხლეები შევინარჩუნოთ", _ განაცხადა ოტუნბაევამ და დასძინა რომ ოშშსა და მის რაიონებში მსხვერპლი იმაზე მეტია "ვიდრე ეს ჩვენ ვიცით".
მისივე თქმით, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე აქტიურად იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს. "ასევე არის ინფორმაცია უზბეკი, რუსი და თათარი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობების შესახებ", _ აცხადებს ოტუნბაევა.
აღსანიშნაია, რომ როზა ოტუნბაევა რუსეთის პრემიერს პუტინს ტელეფონით უკვე ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიყო. არეულობების მონაწილეები წვავენ ავტომობილებს, ანგრევენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს, ქუჩებში დათარეშობენ მოროდიორები.
დროებითმა მთავრობამ ოშსა და მის ზოგ რაიონში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
ოშში დარბევები ამჟამადაც გრძელდება. პრაქტიკულად მთლიანადაა გადამწვარი საცხოვრებელი მიკრორაიონები, კერძო და მრავალსართულიანი სახლები. დევნილთა ნაკადი უზბეკეთის საზღვრისაკენ მიდის.
აფეთქებების თავიდან აცილების მიზნით, ოშში გამორთულია გაზის მიწოდება, რიგ მიკრორაიონებში ასევე არ არის ელექტროენერგია.