ყირგიზეთის ქალაქ ოშში მომხდარი არეულობების დროს გარდაცვლილთა რაოდენობამ 62 ადამიანს მიაღწია. დაზარალებულია თითქმის 700 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დაზარალებულთაგან 326 ჰოსპიტალიზებულია. გარდაცვლილია 62 ადამიანი", _ აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.
ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიყო. არეულობების მონაწილეები წვავენ ავტომობილებს, ანგრევენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს, ქუჩებში დათარეშობენ მოროდიორები.
დროებითმა მთავრობამ ოშსა და მის ზოგ რაიონში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
ოშში დარბევები ამჟამადაც გრძელდება. პრაქტიკულად მთლიანადაა გადამწვარი საცხოვრებელი მიკრორაიონები, კერძო და მრავალსართულიანი სახლები. დევნილთა ნაკადი უზბეკეთის საზღვრისაკენ მიდის.
აფეთქებების თავიდან აცილების მიზნით, ოშში გამორთულია გაზის მიწოდება, რიგ მიკრორაიონებში ასევე არ არის ელექტროენერგია.