საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარტინა ქვიქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო საქმიანობის კუთხით. როგორც ელჩმა აღნიშნა, შვედეთის საპარლამენტო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველო-შვედეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში,აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოს პარლამენტთან. იგი ასევე დაინტერესდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და ფრაქციის ხედვებით ამ საკითხზე.
ირმა ინაშვილმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის წარდგენასაც საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ.
მხარეებმა აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატეს.
„შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემასა და იმ გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც შვედეთს ამ მიმართულებით აქვს. ვისაუბრეთ ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობის გეგმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივებზე. შევთანხმდით თანამშრომლობის გააქტიურებაზე საპარლამენტო დონეზე და ჩვენი მხრიდან საქართველოში მოვიწვიეთ შვედეთის პარლამენტში არსებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები. და რაც მთავარია, როგორც ელჩმა აღნიშნა, შვედეთი უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.