უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ გაათავისუფლონ გზის სამანქანო ნაწილი, თუმცა აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნას არ ემორჩილებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას არ მოახდენს, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
კიევის სააპელაციო სასამართლო ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ადვოკატის საჩივარს ხუთშაბათს, 26 იანვარს, 12:00 საათზე განიხილავს. აღნიშნული ჩანიშნულია კიევის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის კალენდარში.
საქმეს განიხილავს მოსამართლე პალენიკი.
ცერცვაძის დაცვის მხარე კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ქართველ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.