ისტორიული მნიშვნელობის მქონე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა. გამაგრდა სახლის საძირკველი, საყრდენი კედლები, თაღი, რომელიც ავარიული იყო არმატურის ბადეში ჩაისვა და მოპირკეთდა. გარდა ამისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფასადის რესტავრირება თავისი ხარჯებით მოახდინა.
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილეებთან ერთად დასრულებული სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობისგან შეფასებები მოისმინა.
„ეს იყო 2016 წლის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამხანაგობის თავმჯდომარეს ბატონ მიხაილ ვიდერჰოლს, რომ არა მისი დაუღალავი ბრძოლა და შრომა, ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები დღეს ასეთი სრულყოფილი არ იქნებოდა. მადლობა ჩემს თანამშრომლებს და თითოეულ იმ ადამიანს რომელმაც ფიზიკური შრომა გასწია ამ ისტორიული სახლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.“-გელა არჩვაძე.
მიხაილ ვიდერჰოლმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფასადის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ და გამგებელს სიმბოლური საჩუქარი, მადლობის სიგელი გადაცა.
„ჩვენ წლების მანძილზე ვცდილობდით ამ სახლის გადარჩენას. ერთ მხარეს გამგეობა, მეორე მხარეს ჩვენ და ორივემ ერთად გავაკეთეთ მესამე, საქმე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.“-მიხაილ ვიდერჰოლი.
ღონისძიებას ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს კიდერლენი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა, რესტავრატორი პაატა ბუესიშვილი და გეოლოგი გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ.
ალ.ჭავჭავაძის პირველი ჩიხის №1-ში მდებარე სახლი როგოვსკების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც არქიტექტორ მიხეილ ნეპრინცევის აშენებულია. აღსანიშნავია, რომ ამ სახლში ლეო ქიაჩელი და ნიკო ლორთქიფანიძე ცხოვრობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 17 სახლი კაპიტალურად გაამაგრა.