საპარლამენტო უმცირესობა უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ, გიორგი ცერცვაძეს თავდებში უდგება. უმცირესობის დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაბამისი შუამდგომლობა უკრაინის ხელისუფლებას დღესვე გადაეგზავნება.
”შევიმუშავეთ შუამდგომლობის ტექსტი, სადაც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები თავდებში ვუდგებით ვიცე პოლკოვნიკ ცერცვაძეს. მივმართავთ უკრაინის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რათა პირველ რიგში, არც ერთ შემთხვევაში არ მოხდეს ცერცვაძის გადაცემა რუსეთის ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ასევე თავდებში ვუდგებით, რომ იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ცერცვაძის ადვოკატთან და ვაპირებთ დახმარება გავუწიოთ ადვოკატს, რათა თუ საჭირო იქნება მივმართოთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ მოითხოვონ მისი ექსტრადირების შეჩერება და არ დაშვება რუსეთის ფედერაციაში. ჩვენს შუამდგომლობას ხელს აწერს უმცირესობის ყველა დეპუტატი”,- განაცხადა გიორგი ტუღუში.
ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.