ენმ უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად ღონისძიებებს გამართავს. დღეს გამართულ ბრიფინგზე აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული შურისძიება მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ.
”ცხადია, რომ სახეზეა სახელმწიფოს ღალატის და მოქალაქეების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი, როცა ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება ქართველ მებრძოლებს პუტინის და რუსეთის ფედერაციის დაკვეთით. ”ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს რიგი ღონისძიებების განხორციელებას, ჩვენ ვუცხადებთ სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს. თუკი უკრაინის სასამართლო მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, დავეხმაროთ სტრასბურგში გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. ჩვენ მივმართავთ უკრაინის საელჩოს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, რადგან ის იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის და ექსტრადირების შემთხვევაში სახეზეა, როგორც მისი წამების საფრთხე, ასევე სიცოცხლის მოსპობის. მივმართავ, საქართველოს პროკურატურას, აღიძრას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ჩვენ მივმართვათ საერთაშორისო თანამეგობრობას და საელჩოებს, გამოვიყენოთ დიპლომატიური არხები, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთში. ჩვენ დავიწყებთ მასიურ და მასობრივ აქციებს სახელმწიფო უწყებებთან, ვიქნებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები, რომელმაც უნდა შეისწავლოს ჩვენი მებრძოლების, პატრიოტების შესახებ რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ საკითხი. მსგავსი ფაქტი არა ერთი დაფიქსირებულა”, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა.