უკრაინაში ვიზიტად მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეხვდა. იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისათვის მზად არის.
"ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შემდგომი თანამშრომლობისათვის", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში არსებული დინამიკა ორი ქვეყნის პოტენციალს არ პასუხობს.
"დარწმუნებული ვართ, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობა მეტად პერსპექტიულია და უკარინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვას გაზრდის", _აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
იანუკოვიჩმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისო კომისიის დონეზე ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრის და განხილვის მიზანშეწონილობაზე. "უახლოეს ხანებში უნდა შეიქმნას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციის პროექტი, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველსოთვის", _ განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
იანუკოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები აღნიშნული სამუშაოს ეფქტურად შესრულებას შეუწყობს ხელს.