ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რანგში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა და 2007 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება გააკრიტიკა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის გაჭიანურებული ვადების პრობლემას ეხება.
ლალიაშვილის განმარტებით, 3 წლის წინ უზენაეს სასამართლოს ამა თუ იმ სადავო საქმის დასაშვებად ცნობის ვადა განესაზღვრა 3 თვით, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა განისაზღვრა 6 თვით.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის გავლის შემდეგ, მხოლოდ უზენაეს სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება ცხრა თვის მანძილზე გააჭიანუროს სამართლებრივად, თუნდაც მარტივად განსახილველი და გადასაწყვეტი დავა.
„თუ სახელმწიფო ორგანომ ან თანამდებობის პირმა გამოსცა აქტი, ანდა განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც პირის ან პირთა ჯგუფის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არღვევს და აყენებს მათ ზიანს, ეს ზიანი ხდება გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი, რადგან, მაგალითად: სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ_ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე დანგრეულ საცხოვრებელ ან დამხმარე ნაგებობას, გაუქმებულ რეკრეაციულ ზონას და სხვა, 9 თვისა და 12 თვის შემდეგ თუნდაც სასამართლო პროცესის მოგების შედეგად ვეღარავინ აღადგენს", - განაცხადა ლალიაშვილმა.
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებს" პარლამენტში შეაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უზენაეს სასამართლოს ამა თუ იმ სადავო საქმის დასაშვებად ცნობის ვადად ნაცვლად 3 თვისა, განესაზღვროს 15 დღე, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადად, ნაცვლად 6 თვისა განისაზღვროს 1 თვე.