საქართველოში შიდა და გარე მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და პროგნოზირების ელექტრონული სისტემა შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იტალიის მთავრობის დაფინანსებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წევრები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, კანადელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს არ გააჩნია ტექნიკური საშუალება, დააჯგუფოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში არსებული შიდა და გარე მიგრაციის სტატისტიკური მონაცემები და შესაბამისი ანალიზი აწარმოოს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შიდა და გარე მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების სისტემის შექმნის მიზნით ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდა ყველა იმ სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ.
მისი თქმით, შიდა და გარე მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ყოველწამიერი ანალიზის გაკეთების საშუალებას შექმნის იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამ კუთხით არაკვალიფიციური ინფორმაციის გავცელება.
"აღნიშნული სისტემის მუშაობით შევძლებთ სრულად ავსახოთ, ქვეყნიდან რა რაოდენობის მოსახლეობა გადის საზღვარგარეთ, რა ტენდენციებია შიდა მიგრაციაში - რომელი რაიონიდან რომელ რაიონში გადადის ადამიანი საცხოვრებლად და ა. შ.~, - აღნიშნა ვაშაძემ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელის მარკ ჰულსტის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია სამოქალაქო რეესტრთან ერთად მოხდეს მიგრაციასთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
მისი თქმით, აღნიშნული სისტემის საშუალებით გაცილებით ეფექტური გახდება მიგრაციის მასშტაბის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და გამოქვეყნება.