ეუთოში რუსეთის წარმომადგენელი ანვარ აზიმოვი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ასევე საქართველოსა და აფხაზეთს შორის იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების შემუშავებას ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რუსეთი თანახმაა ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გარანტორის როლი იკისროს.
"შესაბამის საკითხთა ბლოკის განხილვის შემდეგ, აუცილებელია მუდმივად გათვალისწინებული იყოს ორი პრინციპული მომენტი. პირველი _ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება სამკუთხედს შორის უნდა იყოს გაფორმებული - თბილისი-ცხინვალი-სოხუმი. რუსეთი შესაძლოა ამ ხელშეკრულების შესრულების გარანტი იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მხარე", _ აცხადებს აზიმოვი. ეს განცხადება აზიმოვმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას დღეს გააკეთა.
მისივე თქმით, საუბრის წარმართვა ისე, როგორც საქართველოს სურს _ ანუ საქართველომ მოლაპარაკება მხოლოდ რუსეთთან უნდა აწარმოოს - "არაკორექტულია როგორც პოლიტიკური ისე ისტორიული თვალსაზრისით".