ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკასა და არქივს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის კულტურის საკითხებში მრჩევლის, ირანის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის დირექტორის ალიაქბარ აშარის ხელმძღვანელობით საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით 8 ივნისს ეწვია.
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, განხორციელდება ერთობლივი პროექტები და როგორ ქართულ, ისე ირანულ მხარეს საშუალება ექნება, გაეცნოს მათი ქვეყნის ისტორიის ამსახველ საბუთებს.
დღესვე სტუმრები ეროვნულ არქივში შეხვედრას გამართავენ გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან, ამასთან, გაეცნობიან ეროვნულ არქივში დაცულ სპარსული საბუთების კოლექციას.
კოლექცია 1237 საბუთისგან შედგება, რომლებიც XVI-XX საუკუნეებით დათარიღებულ შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს, წერილებს, არზებს შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილებს მოიცავს.
სპარსული საბუთების მასალად გამოყენებულია აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდი, აგრეთვე, ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.