ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციების შემოღება "დიდი შეცდომა" იქნება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ამ სანქციებს შემოიღებენ, ირანი შეწყვეტს თავისი ბირთვული პროგრამის განხილვას. ახმადინეჯადმა მოუწოდა დასავლეთს მიიღონ ირან-თურქეთის-ბრაზილიის სქემა, რომელიც ბირთვული საწვავის გაცვლას ეხება. ახმადინეჯადი ასევე აცხადებს, რომ ეს სამმხრივი ინიციატივა _ "ბოლო შესაძლებლობაა" დარეგულირდეს ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული დავა.
"ეს შესაძლებლობა მეტს არ განმეორდება და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება", _ აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 17 მაისს ირანის, ბრაზილიის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თეირანში ერთობლივი განცხადება მიიღეს. განცხადების თანახმად ერთი თვის განმავლობაში, ვენის ჯგუფთან (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ირანი თავისი დაბალგამდიდრებული ურანის 1,2 ტონას თურქეთში გააგზავნის.
თავის მხრივ ვენის ჯგუფს კი ეკისრება ერთი წლის განმავლობაში ირანს მიაწოდოს 120 კილოგრამი 20 პროცენტიანი ბირთვული საწვავი, რომელიც თეირანის კვლევითი რეაქტორისათვის არის საჭირო.