უკრაინული მედია იუწყება, რომ მედვედევის "კაცი" უკრაინას უკვე ორენოვნობისკენ უბიძგებს. "რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის დაბრუნების პროგრამა უკრაინამ უნდა შეიმუშაოს, ვინაიდან ქვეყანაში ისტორიულად ორენოვანი კულტურაა ჩამოყალიბებული", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან განაცხადა იალტაში გამართულ საერთაშორისო მრგვალ მაგიდაზე, სახელწოდებით "უკრაინა და რუსეთი: ახალი ურთიერთქმედება".
შვიდკოიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინელების, როგორც ერის, ჩამოყალიბება სხვადასხვანაირად ხდებოდა. "ის, რაც ხდება უკრაინის აღმოსახლეთ და სამხრეთ-აღმოსახლეთ რაიონებში და ის რაც ხდება დასავლეთ უკრაინაში, ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომაც იქმნება ძალიან სერიოზული პრობლემა უკრაინული ერის ფორმირებისა".
მისი თქმით, "რუსეთს სჭირდება ძლიერი, აყვავებული, დემოკრატიული და სტაბილური უკრაინა, რომლის სიმდიდრეც, რა თქმა უნდა, ორენოვნობაშია. ორკულტურობა _ ეს ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია ძლიერი უკრაინული სახელმწიფოს ფორმირებისთვის", _ განაცხადა შვიდკომ.
აღსანიშნავია, რომ ამავე მრგვალ მაგიდაზე რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა განიხილოს საკითხი უკრაინული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ.