ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გაჩენილმა ხანძარმა მრავალსართულიანი სახლები გაანადგურა და მასში მცხოვრებ ადამიანებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 108 ადამიანი. ათობით ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს.
ხანძარი ქალაქის ძველ უბანში ელექტროტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად გაჩნდა და მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ოფისებს გადაედო.
წინასწარი მონაცემებით დამწვარია შვიდიდან ოც შენობამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი სახლის სახურავზე ხანძრის გაჩენის დროს საქორწილო ცერემონიალი მიმდინარეობდა. დაღუპულთა შორის მეტწილდად სწორედ ქორწილის სტუმრები არიან.
გადარჩენილია პატარძალი, რომელიც ხანძრის გაჩენის დროს სილამაზის სალონში იმყოფებოდა.
მეხანძრეებს სამ საათზე მეტი დასჭირდათ რათა ხანძრის ლოკალიზება მოეხდინათ.