არაბული ქვეყნები ღაზას სექტორიდან ბლოკადის მოხსნასა და ამ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსათვის განსახილველად გადაცემას მოითხოვენ. ეს გადაწყვეტილება არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა და არაბული სახელმწიფოების ლიგის მიერ გამართულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს. განცხადება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ლიგის ხელმძღვანელმა ამირ მუსამ გააკეთა.
ეს სხდომა ხმელთაშუა ზღვაში "მშვიდობის ფლოტილიასთან" დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო გაიმართა, რომელმაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
"ამიერიდან ჩვენ აღარ მოვითბენთ ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადას", _ განაცხადა მუსამ და დასძინა, რომ არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი, რომელიც ყოველივე ამას ხელს შეუწყობს, მათ შორის გაეროს მიერ შემოთავაზებული წინადადებები. მათ შორისაა _ ჰუმანიტარული დერეფნები რომელთა გავლითაც შესაძლებელია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა და პალესტინელების დახმარება. "სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ", _ აცხადებს მუსა.
ამას გარდა, მომდევნო სამიტზე მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება არაბული მშვიდობიანი ინიციატივის მომავლის შესახებ, რომლის მიხედვითაც ისრაელმა უნდა დატოვოს ოკუპირებული არაბული ტერიტორიები და პალესტინური სახელმწიფო აღიაროს.
"ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ისრაელი არ ამჟღავნებს სერიოზულობას მშვიდობოს საქმეში და არ არის მზად მის მისაღწევად განხორციელებულ ღონისძიებებს პასუხი გასცეს. ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით და თუკი აშშ-ს შუამავლობა წარმატებით არ დაგვირგვინდა რა აზრი აქვს მათ გაგრძელებას", _ განაცხადა მუსამ.