არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა არ უარყვეს ისრაელთან შერიგების მშვიდობიანი ინიციატივა და ამ საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოთა მეთაურებს დააკისრეს. ეს განცხადება არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურმა მდივანმა ამირ მუსამ კაიროში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, არაბული ქვეყნების ლიდერები ამ საკითხს უახლოეს სამიტზე განიხილავენ. ეს კომპრომისული გადაწყვეტილება არაბული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის წევრების მიერ კაიროში გამართული საგანგებო კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული. ინიციატივის უარყოფას სირია მოითხოვდა. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამგვარი მკაცრი ზომებისათვის არ მიემართათ.
"არაბული მშვიდობიანი ინიციატივა მუდმივად ვერ მოითმენს. იმ შემთხვევაში თუკი სიტუაცია არ შეიცვლება ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ამ თემას კვლავ დავუბრუნდეთ", _ განაცხადა მუსამ.
აღნიშნული ინიციატივა იუდეის, სამარიისა და ღაზას სექტორის ოკუპაციის შეჩერებისა და დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი პალესტინური სახელმწიფოს გამოცხადების შემთხვევაში ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციას გულისხმობს.
რაც შეეხება ისრაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას, მუსას თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და მუსულმანურ სამყაროს შორის ურთიერთობები რამდენიმე დღის წინ უკიდურესად დაძაბა "მშვიდობის ფლოტილიის" ინცინდენტმა.