იაროსლავ კაჩინსკი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებზე რუსული გამოძიების შედეგებს არ ენდობა
პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ იგი სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებზე რუსული გამოძიების შედეგებს არ ენდობა.
ეს განცხადება კაჩინსკიმ რუსული მხარის მიერ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის "შავი ყუთების" ჩანაწერების გაშიფვრისა და გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
თავდაპირველად "შავი ყუთების" ჩანაწერებს პოლონეთის უშიშროების საბჭოს წევრები პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ბორისლავ კომოროვსკისთან ერთად გაეცნენ. ამის შემდეგ ჩანაწერების სრული განაშიფრი პოლონეთის შს სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
პოლონურმა მხარემ ჩანაწერების განაშიფრის გამოქვეყნების გადაწყვეტილება სახელმწიფოს ყველა პირველი პირის თანხმობით მიიღო.
"ეს ნორმალურია, რომ ამ ჩანაწერებს ჯერ უშიშროების საბჭო გაეცნო, ხოლო ეხლა იგი მთელმა ქვეყანამ უნდა განიხილოს", - განაცხადა ბორისლავ კომოროვსკიმ.
აღსანიშნავია, რომ იაროსლავ კაჩინსკი, ოპოზიციური პარტია "სამართალი და სამართლიანობას" მიერ წარდგენილი პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, უშიშროების საბჭოს სხდომას არ დასწრებია.
მისი განცხადებით, მას არ სურს ამ პრივილეგიით სარგებლობა.
ამასთან ერთად, იაროსლავ კაჩინსკი ასევე აცხადებს, რომ ამ ჩანაწერებს ჯერ პრეზიდენტის ოჯახი და კატასტროფაში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები უნდა გაცნობოდა.
მისივე აზრით, გამოძიებას პოლონური მხარე უნდა აწარმოებდეს.
იაროსლავ კაჩინსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავისი ადვოკატი გააგზავნა, თუმცა რაფალ როგალსკი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.