მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფის აღკვეთის მცდელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარმატებულად გამოაცხადეს, სინამდვილეში წარუმატებელი აღმოჩნდა. განცხადება ამის შესახებ "BP"-მ გააკეთა. ავარიულ ნაპრალში სპეციალური სითხის ჩაშვების ტექნოლოგია არაეფექტური აღმოჩნდა. ამის შემდეგ ერთადერთ გამოსავლად, უკვე მხოლოდ მილის გადაჭრა და მასზე სპეციალური სარქველის დაცობა რჩება. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, არც მეთოდია 100 %-იანი წარმატების გარანტი.
აღნიშნული გეგმის რეალიზება ბრიტანულმა კომპანიამ " British Petrolеum "-მა ჯერ კიდევ ოთხშაბათს დაიწყო. "მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჩვენ ამ მეთოდის გამოყენებით მანუგეშებელ ინფორმაციას ვიღებდით შემთხვევის ადგილიდან, ახლა ცხადი ხდება, რომ ეს მეთოდი არ მუშაობს", _ აცხადებენ სპეციალისტები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეციალური თათბირი უკვე გამართა სადაც აღნიშნული მეთოდის უუნარობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად კომპანია ამ პრობლემის მოგვარებას კვლავ ცდილობს, მან "მიიღო მითითებები აშშ-ის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ადმირალიდან მერი ლენდრიდან და პრობლემის მოსაგვარებლად ახალ ნაბიჯებს დგამს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა მოხერხდეს მილზე სარქველის დაცობა".
"ეს ვარიანტი რისკს არ გამორიცხავს, ჯერ კიდევ არასოდეს არ ჩატარებულა ასეთი ოპერაცია ასეთ სიღრმეზე. ეს რთული იქნება და მას რამდენიმე დღე დასჭირდება. სწორედ ამიტომაც არ მივმართეთ ამ მეთოდს მანამ, ვიდრე სხვა ვარიანტები არ ამოგვეწურა", _ განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავარია 22 აპრილს მოხდა. ჩაღვრილმა ნავთობმა უკვე მიაყენა ზარალი ლუიზიანას, ალაბამას, მისისიპის და რეგიონს ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის.