ევროკავშირში ესპანეთის თავმჯდომარეობის ბოლომდე ინიციატივა "აღმოსავლური პარტნიორობის" ინიციატორ-ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებების გაფორმება სურთ. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რწმუნებულმა ანჟეი ჩეშკოვსკიმ ვარშავაში გააკეთა.
"ევროპულ კომისიაში დაიწყო იმ პირობების დამუშავება, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ინიციატორი ქვეყნების მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის", _ განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, 2011 წლის 19 მაისს ბუდაპეშტში ევროკავშირისა და "აღმოსავლური პარტნიორობის" ქვეყნების მეთაურთა სამიტი გაიმართება. "ამ სამიტისათვის უკვე გარკვეული შედეგები უნდა გვქონდეს. პოლონეთი კმაყოფილია "აღმოსავლური პარტნიორობის" პროცესების რეალიზაციის მსვლელობით, ამიტომაც აუცილებელია მათი დაჩქარება", _ აცხადებს ჩეშკოვსკი.