რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 2008 წლის შემოდგომიდან მოყოლებული ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისათვის დახარჯულმა თანხამ 26 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითისთან შეხვედრისას გააკეთა.
"დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვნახოთ, როგორ მიდის რეალიზება ჩვენი ერთობლივი გეგმებისა, რომლებიც რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური სფეროების გაუმჯობესებას ეხება რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით", _ განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დაფინანსება მიმდინარეობს ორი მიმართულებით _ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის მხარდაჭერა და საინვეტიციო დანახარჯები, რომლებიც ობიექტების აღდგენის დაფინანსებასა და ახლების მშენებლობას ეხება.
"პირველ პოზიციაზე _ 2008 წელს გადაირიცხა 2 მილიარდ 100 მილიონი რუბლი, 2009 წელს 2 მილიარდ 849 მილიონი, 2010 წელს 2 მილიარდ 537 მილიონი. საინვესტიციო პროგრამის აღდგენის მიმართულებით 2008 წელს 1,5 მილიარდი რუსული რუბლი გადაირიცხა, 2009 წელს 7 მილიარდი, ხოლო 2010 წელს იგეგმება 5 მილიარდ 700 ათასი მილიონის გადარიცხვა", _ განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ასევე დროთა განმავლობაში იზრდება თავად ე. წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლებლობები.
"ეს ძალიან პოზიტიური მომენტია. თუ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტი 2008 წელს იყო 60 მილიონი რუბლი, 2009 წელს უკვე იყო 139 მილიონი რუბლი, ხოლო 2010 წელს იგეგმება, რომ იგი იქნება 167 მილიონი რუბლი", _ განაცხადა პუტინმა.
ამავე დროს, პუტინის თქმით, კიდევ არსებობს სპეციალური ანგარიში, რომელიც პირადად პრეზიდენტის ანუ ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის კონტროლის ქვეშ იმყოფება. "ეს ის საქველმოქმედო თანხებია, რომლებიც სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ შევიდა, ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან. სულ 1 მილიარდ რუსულ რუბლამდე შეგროვდა", _ განაცხადა პუტინმა.
2010 წელს ინვესტირებაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ 5,7 მილიარდი რუბლიდან, 630 მილიონი გასული წლის დავალიანებების დაფარვას მოხმარდება, ხოლო 5 მილიარდი და "კიდევ ცოტა მეტი" ახალი ობიექტების მშენებლობას.
კერძოდ, გაზმომარაგებას, ენერგეტიკას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის ობიექტების მშენებლობას.
პუტინი ასევე აცხადებს, რომ მოიზიდება ასევე თანხები არასაბიუჯეტო წყაროებიდან _ სულ 12 მილიარდი, მათ შორის 10 მილიარდი _ "გაზპრომის" და მოსკოვის მთავრობამაც გამოყო 2 მილიარდი მიკრორაიონ "მოსკოვსკის" მშენებლობისათვის.