საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სეპარატისტულ აფხაზეთს ორგანიზაციის წევრობაზე ოფიციალურად უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პალატამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან ფადი ასლისთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
ორგანიზაცია სეპარატისტების პალატაში გაწევრიანებას არ აპირებს, რაც საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ზემდგომ ორგანოსთანაც არის შეთანხმებული.
შეგახსენებთ, ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ ბიუროს ერთ-ერთ სხდომას მიაწოდა ინფორმაცია, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების სავაჭრო პალატა საერთაშირისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი გახდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მიმართა, რომ დე-ფაქტო აფხაზეთისთვის წევრობაზე უარი ეთქვათ. ბაქრაძემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებთან და ეს ფაქტი გააპროტესტა. პალატა მომავალ წელს, ჰონკონგის შეხვედრაზე, აღნიშნულ საკითხს ფორმალურად განიხილავს.