საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” მედიის წარმომადგენლები ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში ჩასახლებულ დევნილებს შეახვედრა. დევნილებმა ჟურნალისტებს მათ ახალ საცხოვრებლებში არსებულ პრობლემებზე უამბეს.
„მედია ტურის მიზანია, ჟურნალისტები გაეცნონ დევნილთა ჩასახლებებში არსებულ პრობლემებს, რომელსაც, ჩვენი ღრმა რწმენით, პრობლემების მოგვარება უნდა მოჰყვეს შედეგად. ჟურნალისტები უკეთ მიაწვდიან ხმას ადგილობრივ მთავრობას და მეტი კრიტიკა იქნება, მეტი შენიშვნა და სხვა თვალით დანახული ამ ადამიანების ყოფითი ცხოვრება. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი _ დევნილთა დასახლებაში არსებული პრობლემების გაშუქება“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა, სოფო ლაგვილავამ.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქუთაისშია. კერძოდ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები რამდენიმე წელია მოითხოვენ პრობლემების მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე სართულიანი კორპუსის სარდაფი ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, რომელიც კორპუსში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, სამუშაო ნარჩენებით აავსო, ამას მიწისქვეშა გამდინარე წყლის ამოხეთქვაც დაემატა და სარდაფი თითქმის, 4 მეტრის სიმაღლეზე წყლით დაიტბორა. ამ ფაქტმა პირველ სართულზე მაცხოვრებელ ოჯახებს პრობლემა შეუქმნა და მათი სახლში გაჩერება შეუძლებელი გახდა, რადგან სარდაფიდან ამოხეთქილმა წყალმა სახლის იატაკი მთლიანად დაფარა, კედლები დაბზარა, რის გამოც ოჯახს ბინის დატოვება და ქირით წასვლა მოუწია.
ქუთაისის ყოფილ სამხედრო ლიცეუმში 2008 წლიდან კოდორიდან დევნილი 71 ოჯახი ცხოვრობს. მათ საცხოვრებელ კორპუსს დანგრეული შენობის ნარჩენები ესაზღვრება, რის გამოც დევნილები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა ნანგრევებიდან გამოსულ ქვეწარმავალს ამ კორპუსის ბინადარი დაუგესლავს. როგორც იქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, მათ დახმარებისთვის ქუთაისის მერიას მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.
ზუგდიდში ჩასახლებული 320 ოჯახი დევნილი თითქოს, ერთი შეხედვით კარგ პირობებში ცხოვრობს, თუმცა, მათ ბევრი პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივების თქმით, წყალი რომელიც მათ ონკანში მიედინება, დასალევად უვარგისია, რადგან მას ფეკალური მასა უერთდება, რის გამოც მოწამვლის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა. არ გააჩნიათ საბავშვო ბაღი და 120-მდე ბავშვი ბაღში ვერ დადის, 40 ბავშვს კი 3 კილომეტრის სიშორეზე უწევს სიარული.
ბათუმში ჩასახლებული დევნილებიც ერთი შეხედვით კარგ პირობებში არიან, თუმცა, მათაც აქვთ სირთულეები. 700-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფში კანალიზაციის მილი ჟონავს და იტბორება.
გიორგი საკარული, ჯი ეიჩ ენი