კახეთში მეოთხე დღეა გადაუღებლად წვიმს. სტიქიამ ყველაზე მეტად ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი დააზარალა. ადიდებულმა მდინარე კაბალმა სოფელ უზუნთალაში ორი სახლი დაანგრია. დაიხოცა შინაური ფრინველი. მოსახლეობის ნაწილი ზამთრის სარჩოს გარეშე დარჩა. ამ დროისთვის 80-მდე სახლის პირველი სართულები წყლით არის დაფარული.
როგორც რადიო "ჰერეთს" კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა განუცხადა, დღეს დილით ადიდებულ მდინარეზე წყლის კლება დაფიქსირდა, თუმცა სამუშაოების ხარისხიანად შესრულება მაინც შეუძლებელია.
"ამ წუთებშიც კამაცუს ტიპის ტრაქტორი მუშაობს. ვცდილობთ მდინარეს მიმართულება შევუცვალოთ, თუმცა წყლის დონე დიდია, რაც სამუშაოების ჩატარებას ართულებს", - განაცხადა ჯემალ ნიაზოვმა.
მისივე თქმით, გუშინ კაბალის ბაზარიც დაიტბორა, ზარალი უმნიშვნელოა.